​კახა კოჟორიძე - მოსამართლე ირაკლი შავაძის სამოსამართლო საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებული განცხადებებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

აღნიშნული განცხადება კახა კოჟორიძემ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ შავაძის განცხადებებიდან ათ დღეზე მეტია უკვე გასული, მაგრამ საზოგადოებამ, ასეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე ისიც კი არ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება.
"უნდა გავიაზროთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის დამოკიდებულება თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობაზე და დაცულობაზე დგას. რამდენიმე დღის წინ, პირადად შევხვდი მოსამართლე შავაძეს და ვესაუბრე ამ საკითხზე. ის საუბრობს იმაზე, რაზეც უკვე საჯაროდ საუბრობს რამდენიმე დღეა.
ის, რომ მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა, გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მიღების მიზნით, კონსტიტუციური პრინციპისა და ამავდროულად, "სისხლის სამართლის კოდექსის" დარღვევაა ეს პირდაპირ წერია ჩვენს კანონმდებლობაში. ახლა საკითხია რა რეაგირება ექნება შესაბამის ორგანოებს ამ საკითხზე.
მხოლოდ ის, რომ დღეს ამ საკითხზე იუსტიციის საბჭო იმსჯელებს ვერ იქნება საკმარისი პასუხი, რადგან რაზეც მოსამართლე შავაძე საუბრობს შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით. ცოტა უცნაურია, რომ ათ დღეზე მეტია უკვე გასული და ჯერჯერობით საზოგადოებამ ასეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე ისიც კი არ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.