​პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა

კენჭისყრამდე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მოუწოდა დეპუტატებს ღრმად გაიაზრონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით და თუ დეპუტატებს პრეზიდენტის ვეტოს მხარდაჭერა ეხამუშებათ, არ მიიღონ ეს კანონი თავიდან.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა ვეტოს განხილვის შემდეგ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, მან ვერ მიიღო პასუხები - რატომ სჯერათ დეპუტატებს, რომ ეს კანონი გააძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რა გამოწვევებს ხედავენ კანონმდებლები ტელევიზიის წინაშე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ამ კანონპროექტს არასამთავრობო, მედია და ექსპერტები ეწინააღმდეგებიან. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროდირექტივებს, მაშინ როცა კანონის ცვლილებების შემქმნელები საზოგადოებას ამ ცვლილებებს აწვდიან, როგორც ევროდირექტივის ნაწილს. "სწორედ ესაა უპასუხისმგებლო მოქმედება, როცა ფუჭდება რაღაც და აწვდიან ამას საზოგადოებას, როგორც ევროკავშირის დირექტივას", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ძალიან უცნაურია, რომ ორგანოში, რომელიც პოლიტიკის ჩამომყალიბებელი და განმსაზღვრელი ორგანოა ქვეყანაში, აოცებთ და ეხამუშებათ პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი.
"თქვენ დღეს უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, კანონის მეშვეობით როგორი მედიაპოლიტიკა იქნება ქვეყანაში. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა თავისი არსითა და გავლენით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ არ მიიღოთ ეს დაუსაბუთებელი ცვლილებები. თუ თქვენ ასეთ უხერხულობას გიქმნით პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება, არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა, იმისთვის, რომ არ დაზიანდეს საქართველოს იმიჯი და საქართველომ არ გადაიხადოს ფასი დემოკრატიის და მედიიის შესუსტებისთვის - დღეს თავიდან არ მიიღოთ ეს ძალიან პრობლემური კანონი. ვეტოს დაძლევით, პრეზიდენტის ვეტოზე კი არ ამბობთ უარს, თქვენ უარს ამბობთ მოისმინოთ მათი არგუმენტაცია, რომელთა ცხოვრებაც უნდა განსაზღვროს კანონმა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს იქნება პოლიტიკური არჩევანი და ამ არჩევანისთვის ქვეყანა გადაიხდის ფასს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა კანონმდებლებს არ დაუჭირონ მხარი თავიდან კანონს, რომელიც იქნება დარტყმა როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ასევე თავისუფალ, დამოუკიდებელ და პლურალისტურ მედიაზე.