​პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხორბლის გადამზიდავი სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან შეხვედრა გაიმართა

პრეზიდენტის პოლიტიკურ მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვახტანგ ცეცხლაძე ხორბლის გადამზიდავი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს შეხვდნენ, რომლებიც ხორბლის იმპორტის შეზღუდვის შესახებ ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
სწორედ აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი ფინანსთა მინისტრის მიერ ხორბლის გადაზიდვების შეზღუდვის 1 წლით გადავადებასთან დაკავშირებით. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხორბლის გადამზიდავებისაგან დეტალურად მოისმინეს მათი პრობლემების მიზეზი, ის საკითხები, რომლებიც მათ აწუხებთ და რომელიც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ამ საქმეში.
"მივესალმებით, რომ შედგა შეხვედრა ფინანსთა მინისტრსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც აპროტესტებდნენ ამ გადაწყვეტილებას და რომ გარკვეული პერიოდით, ერთი წლის ვადით გადავადდა ამ საკითხის გადაწყვეტა. იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, რა ვადითაც გადავადდა ამ თემის გადაწყვეტა ეს კითხვის ნიშნები მოიხსნება და ყველაფერი გადაწყდება ისე, რომ არც ქვეყნის ეკონომიკა, არც მცირე და საშუალო ბიზნესი და რაც მთავარია არც ის ადამიანები დაზარალდნენ, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართული. არ დაზარალდეს მათი ოჯახები, რადგან მათ სერიოზული ფინანსური გათვლები ჰქონდათ სწორედ ამ ბიზნეს მიმართულებით", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.