​პრეზიდენტის წარმომადგენლები "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევების" შესახებ კონფერენციას დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე მოსამართლეების მხრიდან სასამართლო სისტემის ზეწოლაში პრეზიდენტის დადანაშაულებას არასერიოზულს უწოდებს.
 
აღნიშნული განცხადება გიორგი კვერენჩხილაძემ დღეს "რედისონში" გააკეთა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით კონფერენცია "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" გაიმართა.
 
„პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასებები სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ აქტუალურ და სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით ვერანაირად ვერ ჩაითვლება სასამართლოზე ზეწოლად. ამ ფაქტთან დაკავშირებით საუბარი ვფიქრობ არასერიოზულია. იურისტები რაღაც ეფემერული, ილუზორული, მოჩვენებითი არგუმენტებით არ უნდა საუბრობდნენ. ეს ცოტა უხერხულია.
 
პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური, იგი არის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, კონსტიტუციურ ორგანოთა ფუნქციონირების გარანტი.
 
შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასებები სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ აქტუალურ და სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით ვერანაირად ვერ ჩაითვლება ზეწოლად.
 
მაშინ იგივე საკანონმდებლო ნორმა შეგვიძლია ჩავთვალოთ ზეწოლად, იგივე საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ჩავთვალოთ ზეწოლად. სტრასბურგის გადაწყვეტილებები შეგვიძლია ჩავთვალოთ ზეწოლად. ამიტომ ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
 
კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ, რომელიც მიიჩნევს,  რომ  პრეზიდენტის საძრახის კამპანიაში დადანაშაულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კონსტრუქციულ დიალოგზე საუბარი რელევანტური არ არის.
 
"ეს მხარდაჭერა იქნება იმ შემთხვევაში და იმ პირობით, რომ თავად სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, სამართლიანი და ანგარიშვალდებული. დღეს რატომღაც საბჭო საუბრობს გარე ფაქტორებზე, თუ რა ფაქტორები ახდენს სასამართლო დამოუკიდებლობაზე გავლენას, მაგრამ ავიწყდება ფუნდამენტური საკითხი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი არის ინდივიდუალური მოსამართლე და საქართველოს პრეზიდენტის ყველა განცხადება არის სწორედ იქითკენ მიმართული, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭომ საუკეთესო კანდიდატები შეარჩიოს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
 
პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა პრობლემურია, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე არასამთავრობო სექტორი და ადვოკატთა ასოციაცია არ საუბრობენ, არამედ ამაზე მიუთითებენ სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკომისარიც.
 
"თუ წარმოჩინდება ისე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ებრძვის პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, ადვოკატთა ასოციაციაც, მთელი სამოქალაქო სექტორი, სახალხო დამცველი, ევროსაბჭო და მხოლოდ ისინი არიან სწორი პოზიციის მქონენი, ეს არ იქნება თვითკრიტიკული დამოკიდებულება, ეს არ იქნება პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტაცია, ეს იქნება ორიენტაცია იქითკენ, რომ ვაკრიტიკოთ და დავინახოთ არა პრობლემა, არამედ ის ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემაზე საუბრობენ", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
 
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ გუშინ ცალკეული მაღალჩინოსნები სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა, რომელთა შორისაც დასახელებული იყო საქართველოს პრეზიდენტიც.