პრეზიდენტმა კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" დღეს თელავიდან დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად დღეს კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში შეხვედრა გამართა თელავის სახელმწიფო უნივრსიტეტში.პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.
ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრას მოდერაციას ინსტიტუციური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე კოტე ჩოკორაია უწევდა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის სულისკვეთება საქართველოს თითოეული მოქალაქის თანხმობაა ძირითადი თამაშის წესების შესახებ.
"ჩვენ ერთად ვგეგმავთ იმ ზოგად, ჩარჩო კანონს რომლის მიხედვითაც უნდა ვიცხოვროთ.
იმისთვის, რომ შექმნა ერთიანი სახელმწიფო, ერთიანი სულისკვეთება, ერთიანი საზოგადოება შენ ამ საზოგადოებას უნდა ჰკითხო რანაირად სურს შემქნას ერთიანობა, რა წესების ირგვლივ უნდა რომ გაერთიანდეს. და სწორედ ასეთი დოკუმენტია კონსტიტუცია.
კონსტიტუცია იწყება სიტყვებით - „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“. ეს არის ძალიან ამაღელვებელი სიტყვები, იმიტომ რომ ამ სიტყვებით დაწყებული დოკუმენტი არის საფუძველი ყველა, სხვა კანონისა ჩვენ ქვეყანაში.
კონსტიტუცია ურთულესი, იურიდიული დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც მერე მთელი კანონმდებლობა ეწყობა და ამ დოკუმენტს წერენ განსწავლული იურისტები, განსწავლული კონსტიტუციონალისტები.
მაგრამ კონსტიტუციის შინაარსი და სულისკვეთება არის თანხმობა. თანხმობა თითოეული მოქალაქისა ძირითადი თამაშის წესებთან დაკავშირებით - როგორ უნდა განახორციელოს სახელმწიფომ ეს ძირითადი კანონები, ეს ძირითადი წესები.
ასე იქმნება თავისუფალი საზოგადოება, ასე იქმნება თავისუფალი სახელმწიფო. მერე უკვე ამ თანხმობიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, სწორედაც რომ იურისტები, კონსტიტუციონალისტები ქმნიან კონსტიტუციის მუშა და მოქმედ ტექსტს.
ამიტომ როდესაც გაჩნდა ინიციატივა კონსტიტუციის გადასინჯვის, მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ტრადიცია.
არაერთხელ გადასინჯულა კონსტიტუცია საქართველოში, ჩვენ ეს ვიცით და ეს გადასინჯვები იყო ჩვეულებრივ, დახურულ კარს მიღმა, ერთი რომელიღაცა პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეხვედრისას სტუდენტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები უფასო განათლების, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევისა და დაწყებითი, სავალდებულო განათლების შესახებ.
პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.