​ქვეყნის დატოვება უშიშროების საბჭოს მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს გარეშე არის ძალიან არასწორი ნაბიჯი - ანა ნაცვლიშვილი

საქართვლოს პრეზიდენტი გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შედის ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო უქმდება. ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე შესაბამისს ცვლილებების კანონმდებლობაში დღეს მოეწერა ხელი.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი მოწოდებისა, მთავრობამ არ შექმნა ისეთი სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში.
„ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც აუქმებს ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო სათათბირო ორგანოს, როგორიც არის უშიშროების საბჭო. პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, დაუშვებელია, რომ არ არსებობდეს მსგავსი ტიპის ორგანო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დროულად შექმნილიყო თუნდაც სხვა უწყება, რომელიც მუდმივმოქმედ რეჟიმში გადაიბარებდა უშიშროების საბჭოს ფუნქციებს და შექმნიდა პლატფორმას, სადაც ანალიზზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით უმაღლესი თანამდებობის პირებს ექნებოდათ მუდმივი შესაძლებლობა, რომ ემუშავათ იმ საკითხებზე, რაზეც უშიშროების საბჭო იყო უფლებამოსილი. სამწუხაროდ დღემდე ასეთი  შემცვლელი ორგანო არ შექმნილა და ბუნდოვანია როდის და რა ფორმით შეიქმნება ასეთი უწყება. ქვეყნის დატოვება მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს გარეშე განუსაზღვრელი და ბუნდოვანი ვადით არის ძალიან არასწორი ნაბიჯი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საკითხში ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოებრივ მიდგომას ამ თემის მიმართ და ეს საკითხი რჩება ღია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.