საქართველოს და ავსტრიის პირველი ლედების კულტურული პროგრამა
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ავსტრიის პირველი ლედი მარგიტ ფიშერი დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს ესტუმრნენ.ცენტრი სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა განვითარების პროგრამებს აერთიანებს. მათ შორის "პორტიჯის" ადრეული განვითარების პროგრამასა და აუტიზმის (ABA) პროგრამას. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის პირველი ლედი 11 წელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებით არის დაკავებული, მათ შორის ბავშვებით. მარგიტ ფიშერი ორი ორგანიზაციის დამფუძნებელი და კეთილი ნების ელჩია ამ მიმართულებით. პირველ ქალბატონებს ადგილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ჭინჭარაული და ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ცინცაძე დახვდნენ. სტუმრებმა შენობა დაათვალიერეს დაცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. თავის მხრივ ქალბატონმა ფიშერმა საკუთარი გამოცდილების შესახებაც ისაუბრა.
დღესვე, მაკა ჩიჩუამ და მარგიტ ფიშერმა ძველი თბილისი მოინახულეს. ქალბატონები ევროპის პარკიდან ნარიყალაზე გონდოლებით ავიდნენ. ფეხით ისეირნეს და ნარიყალას ციხესიმაგრე დაათვალიერეს. საქართველოს პირველმა ლედიმ ქალბატონ ფიშერს ძველი თბილისის ისტორია გააცნო. ექსკურსია შემდგომ აბანოთუბანში გაგრძელდა, სადაც პირველმა ქალბატონებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ექსკურსიის დასრულების შემდგომ ორი ქვეყნის პირველი ქალბატონი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაემგზავრნენ სადაც მათ ავსტრიის პრეზიდენტი შეუერთდა და ერთად დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძური.