​საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს და კანცლერს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და კანცლერს ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს.
"ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ გერმანიის რესპუბლიკის ნაციონალური დღესასწაული - გერმანიის გაერთიანების დღე. ამ არაჩვეულებრივ დღეს, მსურს აღვნიშნო, რომ გერმანიის გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა ათწლეულების მანძილზე არსებული დაპირისპირება და განაპირობა სამომავლო თანამშრომლობა ევროპის სამომავლო მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და კეთილდღეობისთვის.
მოხარული ვარ, რომ დღესდღეობით ვხედავთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს, რომელმაც არაერთი გამოწვევის ფონზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო არენაზე. გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა ხაზი გავუსვა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ საუკუნოვან მეგობრობას, ძლიერ კულტურულ კავშირებსა და წარმატებულ პოლიტიკური თანამშრომლობას.
მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. ღრმად მწამს, რომ თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების საერთო ძალისხმევით, არაერთ სამომავლო მიღწევას ვიხილავთ ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.
საქართველოს პრეზიდენტი წერილში ანგელა მერკელის ბოლო ვიზიტს იხსენებს თბილისში და აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული გულწრფელი შეხვედრა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული პარტნიორობის სამომავლო შესაძლებლობებს ასახავდა.