საქართველოს პრეზიდენტი მადლენ ოლბრაიტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა და NDI-ის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა.შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, საქართველოს მიღწევებს, მიზნებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ NDI-ის თავმჯდომარის ვიზიტის მიზანი საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მიღება, ასევე საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე დაკვირვება და საქართველოსა და დასავლეთს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცებაა.
გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა მადლენ ოლბრაიტს და NDI-ის დელეგაციის წევრებს საქართველოში ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში განსაკუთრებულ სამუშაოს ათწლეულების მანძილზე ახორციელებს; სხვადასხვა თაობები დებდნენ საკუთარ სულს, რწმენას, შრომასა და წვლილს ამ საქმეში. ეს იყო ათეულობით გამორჩეული ადამიანი, პროფესიონალი, პოლიტიკოსი, უბრალოდ ენთუზიასტები, რომლებმაც შესანიშნავი სამუშაო განახორციელეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისათვის.
ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვხვდებოდით, მტკიცედ სწამდათ, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა და განვითარება, იყო სწორი მიზეზი, საკუთარი ერთგული სამსახურისათვის. ისინი აღტაცებულნი იყვნენ ჩვენი ქვეყნის წარმატებით და განსაკუთრებით განიცდიდნენ თითოეულ მარცხს.
თქვენთან - იმ ლიდერებთან ერთად მუშაობა, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი ქვეყნის შესაძლებლობებისა და ხალხის, განსაკუთრებული იყო და მსურს, თითოეულ თქვენგანს ამ წვლილისათვის მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, მადლენ ოლბრაიტმა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა და სიამაყით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც NDI-ისთან თანამშრომლობით საქართველოში განხორციელდა.
„ვამაყობ იმ სამუშაოთი, რომელიც ერთად განვახორციელეთ. საქართველო ერთგვარი მაგალითია - როდესაც ხალხი გვეკითხება, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვმუშაობთ საზოგადოებაში და როგორ იწყებთ მის შეცნობას, ჩვენ ვპასუხობთ, რომ ძალიან დიდი დრო გავატარეთ საქართველოში, გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი და, ვფიქრობ, რასაც მე განსაკუთრებით ვაფასებ არის თქვენი სურვილი შეესაბამებოდეთ მაღალ სტანდარტებს, რადგან იცით, რომ სწორედ ეს ქმნის წარმატებულ ქვეყანას.
ვფიქრობ, რომ ჩვენ ასევე ნამდვილი მეგობრები ვართ და შეგვიძლია ერთმანეთს რთულ საკითხებზე ვესაუბროთ და არ ვსვამთ კითხვებს, თუ რამდენად რთულია დემოკრატია, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი, კანონის უზენაესობა, მედიის განსაკუთრებული როლი.
საქართველო ყოველთვის განსაკუთრებული მეგობარი და პარტნიორი იყო. გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის არსის გაზიარებისათვის და გმადლობთ მისი ასე კარგად ხელმძღვანელობისათვის“, - აღნიშნა მადლენ ოლბრაიტმა.
საქართველოს პრეზიდენტის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში მუშაობის პერიოდი გაიხსენა NDI-ის მოქმედმა პრეზიდენტმა კენეტ ვოლაკმა და გიორგი მარგველაშვილს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
„ბატონო პრეზიდენტო, როგორც მრავალ ქართველს, ჩვენც მოგვწონს, რომ თქვენ ამ ქვეყნის ხალხმა აგირჩიათ და, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირებულია ბოლო წლებში, თქვენ აჩვენეთ ის მორალური ავტორიტეტი, რომელიც თან ახლავს ხალხის პრეზიდენტობას. თქვენ ამ ავტორიტეტს გონივრულად, ეფექტიანად იყენებთ.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია თქვენ ერთერთი ჩვენთაგანი გიწოდოთ“, - აღნიშნა NDI-ის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ სამუშაო სადილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები და ორგანიზაციის სხვა მეგობრები ესწრებოდნენ.