საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიაში – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ჩაერთო
გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიაში – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“. აქციის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.„მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, იმიტომ რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. მე მინდა მადლობა ვუთხრა ესტონელებს, რომლებმაც ათი წლის წინ დაიწყეს ინიციატივა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მადლობა მინდა ვუთხრა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი პატრიოტიზმით დღეს ჩვენთან ერთად ალაგებენ და ასუფთავებენ გარემოს. მინდა მოგიწოდოთ ყველას, ჯერ კიდევ დღის დასაწყისია, ბუნებრივია შეიძლება ასეთ აქციას ვერ შეუერთდეთ, მაგრამ საკუთარი სახლის წინ, საკუთარ ეზოს იქნებ ხელი შევავლოთ და ამით გავხადოთ უკეთესი ჩვენი გარემო. მიხარია, რომ ასეთ აქციაში ასე ბევრი მონაწილეობთ, განსაკუთრებით ახალგაზრდობის აქტიურობა მახარებს დღეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და ამჟამად მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. მსოფლიო დასუფთავების დღის იდეა კი 10 წლის წინ ესტონეთში გაჩნდა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 4% გამოვიდა გარემოს დასასუფთავებლად. სწორედ ამან მისცა დასაბამი მსოფლიო სამოქალაქო მოძრაობას „Let’s Do It World“, რომელმაც ქვეყნები გააერთიანა ერთი მიზნის გარშემო – შევინარჩუნოთ სუფთა გარემო. საქართველო ამ კამპანიას 2010 წელს შეურთდა.
დასუფთავების კამპანიაში ჩართვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგასთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. კერსტი კალიულაიდი მიესალმა საქართველოს ჩართვას დასუფთავების დღის კამპანიაში