​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა შეხვედრა ავსტრიის ფედერალურ ეკონომიკურ პალატაში გამართა

ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცეპრეზიდენტ რიჩარდ შენცთან, რეგიონულ მენეჯერთან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კონსტანტინ ბეკოსთან და საერთაშორისო საგანმანათლებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან მელინა შნეიდერთან ავსტრიაში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო დუალური საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით ავსტრიული გამოცდილების გაზიარებას და ამ თვალსაზრისით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ავსტრიის ფედერალურ ეკონომიკურ პალატას კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბაკურიანის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა შესთავაზა, რომლის ჩატარებაც წელს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით იგეგმება.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ავსტრიელების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოითქვა და დეტალებზე შესათანხმებლად აქტიური კომუნიკაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
შეხვედრისას განიხილეს ასევე, ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობისა და ავსტრიელი ბიზნესმენების საქართველოს საინვესტიციო პოტენციით დაინტერესების მნიშვნელობა, ავსტრიელი ბიზნესმენების მომავალი ვიზიტი საქართველოში, რომელიც მაისში შედგება.