​საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლა 3 თებერვალს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს - საშინაო და საგარეო პოლიტიკას შეეხება.
 
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო, ყოველწლიური გამოსვლა 3 თებერვალს გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში, პარლამენტის წინაშე 14:00 საათზე წარსდგება.
 
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გამართულიყო ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი – საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს. ეს პოზიცია პარლამენტმა გაიზიარა და პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადაში წარსდგება.
 
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს, გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, ქვეყნის პირველი პირი მზადაა ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.
 
"ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია და შეგვიძლია კვლავ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.