​საქართველოს პრეზიდენტმა ახალი წელი ავღანეთში და ცენტრალურ აფრიკაში დისლოცირებულ ქართულ დანაყოფებს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი წელი ავღანეთში და ცენტრალურ აფრიკაში დისლოცირებულ ქართულ დანაყოფებს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა.
 
ავღანეთში და ცენტრალურ აფრიკაში დისლოცირებულ ქართულ დანაყოფთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა ახალი წელი შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასაც მიულოცა და სამხედრო ნაწილებს მიმართა:
 
„ჩვენი ფიქრი და ზრუნვა განსაკუთრებით თქვენაა დაკავშირებული. თქვენს კარგად ყოფნასთან, თქვენს ჯანმრთელობასთან და იმ მადლიერებასთან, რომელსაც ყოველი ჩვენგანი განვიცდით თქვენ მიმართ.
 
იცოდეთ, რომ განსაკუთრებით ვფიქრობთ თქვენზე, განსაკუთრებით გვადარდებთ და ამაყები ვართ თქვენით!
 
ასევე მინდა, მოგესალმოთ ქართული ჯარის სხვა დანაყოფებს, რომლებიც თქვენს უმნიშვნელოვანეს მისიას ასრულებთ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და კიდევ ერთხელ, გამოვხატო მადლიერება ჩემი და ქართული საზოგადოების სახელით!
 
რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის გმირობა; გმირობა, რომელიც არ არის უჩვეულო ჩვენი გენისთვის და ჩვენი წინაპრებისთვის, მაგრამ, რომლის გაგრძელებაც ყოველ თაობაში და ყოველ წუთს ძალიან დასაფასებელია.
 
გმადლობთ, იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით და ბუნებრივია, გვაქვს შესაძლებლობა, დღეს პირველ რიგში ჩვენს ავღანელ გმირებს მიულოცოთ ეს დღე.
 
თქვენთან ახალი წელი ნახევარი საათით ადრე დგება და მინდა, კიდევ ერთხელ ჯანმრთელად და მშვიდობით უკან დაბრუნება გისურვოთ.
 
ძლიერად დაბრუნება მინდა გისურვოთ სამშობლოში, რომელსაც ძალიან სჭირდებით და რომელსაც ძალიან ეამაყებით!
 
ძალიან მიხარია, რომ ასე მხნედ და ძლიერად ხართ.
 
მე რამდენიმე კვირის წინ შევხვდი ავღანეთის პრეზიდენტს და ის განსაკუთრებით მადლიერია იმით, რასაც თქვენ ავღანეთში აკეთებთ. იმიტომ, რომ იქ საუბარი იყო, არა მარტო მხედრულ ღირსებაზე და უნარზე, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს გააჩნიათ, არამედ იქ იყო საუბარი იმაზეც, რა განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ თქვენ ავღანელ ხალხთან, როგორ შეძელით იქ ამ ურთიერთობის დამყარება, რამდენად დიდი სამსახური გაუწიეთ ავღანური შეიარაღებული ძალების შექმნას. ეს განსაკუთრებით კარგად იცის ავღანეთის პრეზიდენტმა და ჩემთვის ეს იყო საამაყო, იმიტომ, რომ მან იცის ქართველი ჯარისკაცების ფუნქცია და ღვაწლი და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ ამისათვის.
 
ყველას გილოცავთ ახალ წელს და ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დაცულობა, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მინდა გისურვოთ.
 
კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ დიდი მადლობა თქვენი სამსახურისთვის! აქ ჩართულია ყველა ქართული ქვედანაყოფი, მათაც  ვულოცავ დამდეგ ახალ წელს!“, -  მიმართა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ავღანეთში მყოფ ქართულ სარდლობას და დისლოცირებულ დანაყოფს.
 
გიორგი მარგველაშვილმა მართვის ცენტრიდან ყველა ბრიგადას და სარდლობას მიმართა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული. საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატება და ჯანმრთელობა უსურვა, ხოლო მისიებში მყოფ სამხედროებს ქვეყანაში მშვიდობით დაბრუნება.
 
ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მართვის ცენტრში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშორების საბჭოს მდივანთან ირინე იმერლიშვილთან და სამხედრო მრჩეველთან ალექსანდრე  ბარბაქაძესთან ერთად მივიდა.
 
თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენშტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე იმყოფებოდნენ.