​საქართველოს პრეზიდენტმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დასრულდა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო როგორც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან, ასევე რეგიონთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით. პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის განცხადებით, შეხვედრებისას საუბარი შეეხო როგორც ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებებით კავშირების გაძლიერებას, ასევე რეგიონთაშორის თანამშრომლობას.
მხარეებმა ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა განიხილეს და ამ მიმართულებით შემდგომში მუშაობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრისას არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან ინვესტიციების რაოდენობის ზრდის მზადყოფნა გამოითქვა და ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა დაისახა. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით და სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს ზაფხულისა და ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.
შეხვედრისას არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის თვალსაზრისით ახორციელებს.
თენგის ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისა და განმტკიცების მიმართულებით. შეხვედრებისას, ასევე საუბარი შეეხო არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.