საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს ვეტო დაადო
გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაუგზავნა.როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახლა დადგა დრო, ყველამ დავიჯეროთ, რომ ვეტო დაძლევადია და დავიწყოთ მუშაობა უკეთესი კანონების შექმნაზე.
„მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს.
პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგად ძირითადად გამოიკვეთა ორი ხარვეზი: პირველი სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. მეორე, ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს.
საზოგადოებას მსურს გავახსენო, რომ ამ საკითხს ვეტოების გარკვეული ისტორია გააჩნია. 2014 წლის 29 ნოემბერს მე გამოვიყენე ვეტოს უფლება და იგივე კანონს დავადე ვეტო, და მაშინ საპარლამენტო კოალიციურმა უმრავლესობამ დიდი ზარზეიმით და როგორც წარმატება, ამცნო საზოგადოებას, რომ მათ დაძლიეს ვეტო. მაგრამ მალევე საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ამ კანონის მოქმედება და დღეს ჩვენ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიცემული ვადის ფარგლებში ვმუშაობთ, როდესაც 2017 წლის 31 მარტამდე დაევალა პარლამენტს ახალი კანონის შემუშავება.
საერთოდ, საზოგადოებას მინდა გავახსენო ვეტოების ისტორია, რადგან დღეს კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ ამაზე. მე ვეტო „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონთან მიმართებაშიც გამოვიყენე და სულ რამდენიმე დღეში ხელმოსაწერად მომივა ახალი კანონი, რომელიც ამ მიმართულებით შეიქმნა. მინდა გაგახსენოთ, რომ მაშინაც კოალიციურმა უმრავლესობამ საზოგადოებას დიდ წარმატებად ამცნო იმ ვეტოს დაძლევა, მაგრამ მალევე საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა იმ კანონის მოქმედება და მერე ჩვენ ვხედავთ ახალ ნამუშევარს, ახალ კანონპროექტს, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმ პოზიციებს, რაც მე მქონდა ვეტოში დაფიქსირებული და, რომელიც ასეთი დიდი წარმატებით დაძლია საქართველოს პარლამენტის კოალიციურმა უმრავლესობამ.
მიმდინარე წლის 25 იანვარს, მე გამოვიყენე ვეტოს უფლება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე. აქაც საზოგადოებას ამცნეს, რომ შესაძლებელია ვეტოს დაძლევა და, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ძალიან მალევე - 15 თებერვალს ამ კანონთან მიმართებაშიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ერთერთი ის პუნქტი, რომელიც მე მქონდა ვეტოში გათვალისწინებული.
ანუ, საზოგადოებას შეუძლია ადევნოს თვალი ვეტოების ისტორიას და იმ შედეგებს, რასაც არა უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობები - წინა და ამჟამინდელი, არამედ ქვეყანა იღებს ამ ვეტოების დაძლევის პრაქტიკიდან გამომდინარე.
ახლა მე მინდა მივმართო საპარლამენტო უმრავლესობას, საკონსტიტუციო უმრავლესობას, რადგან მე არაერთხელ გავიგე განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს ვეტოც დაიძლევა.
პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი, რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებულია მთლიანად ქართული საზოგადოება. ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, სანამ კანონპროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან.
ვეტოს წერის პროცესშიც მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები, შესაბამისად, ვიცით რა, გვჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია ახლა დადგა დრო, რომ ჩვენ ყველამ დავიჯეროთ, რომ ვეტო დაძლევადია და დავიწყოთ მუშაობა იმაზე რომ უკეთესი კანონები შევქმნათ იმ ფონზე, როდესაც გვესმის ყველას, რომ ვეტო დაძლევადია. მაგრამ შესაძლებელია, დრო დადგა ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენს შენიშვნებს და ამ ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე.