​საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონთან დაკავშირებული ვითარების შესასწავლად პირადად მან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები დისკუსიაში ჩართულ, ფაქტობრივად, ყველა მხარესთან და მიიღო ამომწურავი ინფორმაცია, როგორც კანონპროექტის მოწინააღმდეგეების, ასევე მისი მომხრეებისგან.
პრეზიდენტმა დღეს ის ორი, მნიშვნელოვანი საკითხი განმარტა, რომელიც კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი: ერთი - მედიის სარეკლამო ბაზარს, მეორე კი - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესყიდვების საკითხს ეხება.
"ვიცით, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით ფინანსდება. ეს ნამდვილად არის ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტის მეშვეობით ვაფინანსებთ, და მე მიხარია, რომ ასეთი დაფინანსების ფორმით არსებობს "საზოგადოებრივი მაუწყებელი". ეს სიკეთე ჩვენ, მოქალაქეებს ჩვენივე დაფინანსებით გვეძლევა.
თუმცა, საქართველოში, ის სარეკლამო ბაზარი, რომელიც კერძო ტელევიზიებს ასაზრდოებს მილევადი და სულ მუდამ კლებადია.
ამ ბაზარზე კონკურენციაშია არაერთი დამოუკიდებელი, კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გადასახადებით ბიუჯეტიდან დაფინანსებული "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ამ კონკურენტულ ბაზარზე შევიდეს, როგორც ერთერთი მოთამაშე, ჩემი აზრით, პრობლემურია.
პირველ რიგში, პრობლემურია იმიტომ, რომ მედიამრავალფეროვნება ის სიკეთეა, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისათვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, რაც მნიშვნელოვანია, რადგან მედია, ჩვენს ქვეყანაში, მეოთხე ხელისუფლების როლს ასრულებს. იგი ვერ შეასრულებს ამ როლს, თუ მას არ ექნება საარსებო რესურსი და თუ მედიამრავალფეროვნება არ იქნება უზრუნველყოფილი.
შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც სიკეთე არ უნდა იყოს დაპირისპირებული მეორე, ძალიან მნიშვნელოვან სიკეთესთან - მედიამრავალფეროვნებასთან.
ხოლო როდესაც ისეთი პრივილეგირებული მოთამაშე, რომლის ბიუჯეტიდან დაფინანსებაც მთელი სარეკლამო ბაზრის, ფაქტიურად, ნახევარს წარმოადგენს შედის ბაზარზე, ბუნებრივია, კონკურენცია ზარალდება და შეიძლება, მივიღოთ მედიადივერსიფიკაციის, როგორც ერთერთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული სიკეთის დაზარალება, რაც ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც ეხება მეორე, მნიშვნელოვან საკითხს - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესყიდვების მიმართულებას, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი შესყიდვების საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტი სრულიად ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ "შესყიდვების შესახებ" არსებული კანონი პრობლემას უქმნის, როგორც "საზოგადოებრივ მაუწყებელს", ასევე სხვა უწყებებს, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებას ყიდულობენ და ეს მათი საქმიანობის ნაწილია.
"მეტიც, ეს კანონი აუცილებლად შესაცვლელია და ჩვენ უნდა მივიდეთ თანხმობამდე, იმ კანონთან, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებით, 2019 წლიდან, ჩვენი სამოქმედო კანონი უნდა გახდეს.
თუმცა, ის, რასაც გვთავაზობს არსებული კანონი არის არა უკეთესი, ევროპული სტანდარტით ჩანაცვლება, ხისტი არსებული კანონისა, არამედ საერთოდ გაუქმება, ფაქტობრივად, იმ რეგულაციების, რომელებიც შექმნილია იმისთვის, რომ ჩვენი, მოქალაქეების გადასახადებიდან დაფინანსებული ფული იხარჯებოდეს გამჭვირვალედ.
რა თქმა უნდა მივესალმებოდი, ეს რომ იყოს ნაბიჯი წინ, ევროპული სტანდარტისკენ, მაგრამ  სამწუხაროდ,  ეს არ არის აღწერილი კანონში.
შესაბამისად დღეს ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს აი ამ ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით,"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც მედიაპლურალიზმისა და ჯანმრთელი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით.


საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები