საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნის მოადგილე მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ი სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი მიიღო.შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - აშშ-ს სტრატეგიულ ურთიერთობათა განვითარებაზე, საქართველოს მხარდაჭერის აქტზე, რუსეთის ანექსიაზე, ოკუპაციასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საქართველოში სტუმრობისათვის და მის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა.
"მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვატარებ ამ დღეებს და რა თქმა უნდა, თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. საკმაოდ ბევრი საკითხი გვაქვს დღის წესრიგით გათვალისწინებული, რათა დავსახოთ ჩვენი მომავალი ურთიერთობების სტრატეგია. ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და პირადად გადაგიხადოთ მადლობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის წინ წამოწევაში თქვენი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.
უეს მიტჩელმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო მისიებში აქტიური მონაწილეობისათვის.
"ჩვენ საინტერესო დისკუსიას მოველით საქართველო -აშშ-ს ურთიერთობის, უსაფრთხოების, რეფორმების, ეკონომიკისა და ინვესტიციების შესახებ. როგორც ყოველთვის, მინდა ჩვენი საუბარი დავიწყო საქართველოს მიმართ მადლიერების გამოხატვით იმ ძალისხმევისთვის და თავგანწირვისთვის, რომელსაც თქვენი ჯარისკაცები ავღანეთსა და ერაყში ავლენენ და იმ უდიდესი ძალისხმევისთვის, რომელსაც აშშ-სა და ნატო-ს მისიებში საქართველო ეწევა“, - აღნიშნა უეს მიტჩელმა.