​საქართველოს პრეზიდენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონსა და "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა

გიორგი მარგველაშვილის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მიაწოდა.
"როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და "შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში. როგორც კანონი ითვალისწინებს, კანონპროექტები ხელმოსაწერად გადმოეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პარლამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელა მოტივირებულ შენიშვნებზე, მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და პარლამენტმა კვლავ უყარა კენჭი მიღებულ ცვლილებებს და კვლავ დაუჭირა მხარი ამ ცვლილებებს. როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს კანონპროექტები კვლავ გადმოიგზავნა პრეზიდენტთან და პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება - ის ხელს არ აწერს ამ კანონპროექტებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.