​საქართველოს პრეზიდენტს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლუიზა ვინტონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ქვეყნის პირველ პირს გაეროს ახლად დანიშნულმა მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში რწმუნებათა სიგელები გადასცა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს როლს და საქართველოსთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს მიღებული იმ რეზოლუციების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებს და ხაზი გაესვა ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა ის მტკიცე და განგრძობადი მხარდაჭერა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესში ავლენს. 
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.