საქართველოს პრეზიდენტს შვედეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
გიორგი მარგველაშვილს შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შვედ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ულრიკ ტიდესტრომმა დაადასტურა შვედეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ.
შეხვედრისას შვედეთის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო უფრო და უფრო საინტერესო ხდება შვედი ტურისტებისა და ბიზნესისათვის. მხარეებმა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
ქვეყნის პირველმა პირმა ელჩს საერთაშორისო ასპარეზზე შვედეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ულრიკ ტიდესტრომმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და აღნიშნა, რომ შვედეთის სამეფოს ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.