​სლოვაკეთი ნატო- ს მომავალ სამიტზე საქართველოს ინტერესებს დაიცავს

სლოვაკეთი ნატო- ს მომავალ სამიტზე საქართველოს ინტერესებს დაიცავს და მის პოზიციას დააფიქსირებს.
აღნიშნული თხოვნით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტისას მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტს ანდრეი კისკას და მისგანაც შესაბამისი მხადრდაჭერა მიიღო.
მედიისათვის განცხადებები ანდრეი კისკამ და გიორგი მარგველაშვილმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კისკას გულითადი მასპინძლობისათვის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთის აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
"ჩემს თხოვნას, რომ ნატო-ს სამიტზე ბატონ პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია ჰქონოდა გარკვეული საფუძველი აქვს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას და, აგრეთვე პიროვნულ ფაქტორს ემყარება.
კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც საქართველოს სახელით მას ნატო-ს სამიტზე პოზიციის დაფიქსირებას ვთხოვ," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო დღეს უსაფრთხოების თვალსაზრისით რთული ვითარების წინაშეა, ამიტომ სლოვაკეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რომ გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა.
"როცა საქართველოში ვნახე მავთულხლართების იქით მხცოვრები ადამიანი, თვალი ამეხილა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი გაფრთხილება თითოეული ჩვენთაგანისათვის. რუსეთი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებაზე ფიქრობს '', - განაცხადა ანდრეი კისკამ.
ანდრეი კისკას განცხადებით, სლოვაკეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია და სურს, რომ საქართველო უსაფრთხოდ იყოს და დაცულად გრძნობდეს თავს.
"ნატო-ს მომავალი სამიტი, იქნება პირველი სამიტი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი ბატონი ტრამპი მიიღებს მონაწილეობას, და მე მოუთმენლად ველი იმ შეტყობინებებს, მესიჯებს, რომლებსაც გაახმოვანებს ამერიკის პრეზიდენტი.
ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმინე ის ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები გვერდით უდგას საქართველოს და ის მთლიანად გმობს, კვლავ და კვლავ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას.
საქართველოს მოსახლეობა საჭიროებს უსაფრთხოების შეგრძნებას. ყველაზე ცუდია, როდესაც ადამიანი უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს; ამიტომ, ჩვენ ველით ნატო-ს სამიტისაგან ნათელ სიგნალს, გარდა იმისა, რომ ჩვენ შიდა საკითხებზე ვსაუბრობთ და ჩვენს აზრს გამოვთქვამთ, ველით ნატო-საგან სრულიად მკაფიო სიგნალს, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობა ძალიან დიდ მხარდაჭერას საჭიროებს,“ - აღნიშნა ანდრეი კისკამ.
ანდრეი კისკას განაცხადებით, საქართველო - სლოვაკეთის თანამშრომლობის სივრცე უფრო და უფრო იზრდება.
"ევროვაკშირთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია - ეს არის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა, რაც უდიდეს პროგრესს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ გაიზიარონ ევროპული  ღირებულებები,'' - აღნიშნა ანდრეი კისკამ.
საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით ისაუბრა საქართველო - სლოვაკეთის მეგობრობასა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების გაფართოების მნიშვნელობაზე.
"თქვენი ვიზიტი საქართველოში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ვიზიტმა დაუდო დასაბამი ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი მიმართულებით თანამშრომლობას, მაგრამ ამავე დროს იყო ისტორიულად ემოციური.
იმ ფოტომ, რომელშიც თქვენ ხელს ართმევთ ხელოვნური გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ ადამიანს, რომელიც როგორც თქვენ აღწერეთ სრულიად აბსურდული ისტორიული უსამართლობით უცებ ხელოვნური გამყოფი საზღვრის იქეთ მოექცა, ამ ფოტომ ყველა ქართველის გულში იმედის და მათი ტკივილის გაგების ემოცია აღძრა.
ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ორმხირივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომელსაც უკვე ძალიან კარგი წინაპირობა გააჩნია, მაგრამ აგრეთვე ვისუაბრეთ იმ სტრატეგიულ ერთიან ხედვებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს გლობალური მიმართულებით.
პირველ რიგში, ეს არის ნატო-ს მომავალი სამიტი, რომელზეც საქართველო არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან ხმამაღლა გაგონილი ამ სამიტზე თქვენი და ჩვენი სხვა მეგობრების პოზიციიდან გამომდინარე.
ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ იმ გზებისა და მიმართულებების შესახებ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ინტეგრაციას ეხება.
რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ვიზალიბერალიზაციის მიღწევა მოხდა მაშინ, როდესაც თქვენი ქვეყანა არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა.
ეს არის ბუნებრივი, რადგან  ჩვენ დავინახეთ, უმნიშვნელოვანეს ყოველდღიურ სამუშაოში რამდენად სერიოზული როლი ითამაშეს ჩვენმა მეგობრებმა.
ვისაუბრეთ გლობალური თანამშრომლობისა და იმ ფორმატების შესახებ, რომლებშიც საქართველო გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტას ახორციელებს ევროპა-აზიის თანამშრომლობის თვალსაზრისით.
ამ ნაწილშიც მე ვარ ძალიან კმაყოფილი, რომ ჩვენ ერთნაიარი ღირებულებები, ერთნაირი ხედვა და პერსპექტივის ერთნაირი ოპტიმისტური განცდა გაგვაჩნია," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.