​სოციალურად დაუცველი მოზარდები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ტურინის იუვენტუსის აკადემიის ბანაკში ისწავლიან

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი თბილისში საფეხბურთო კლუბის "ზესტაფონი" საწვრთნელ ბაზაზე ტურინის იუვენტუსის აკადემიის ბანაკის გახსნას დაესწრო, რომელიც სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის მოეწყო და რომელიც საქართველოში პირველად ტარდება.
ბანაკში 90 მოზარდი 3 იტალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს და მათ შორის იქნებიან ის მოზარდები, რომლებმაც ბანაკში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შეძლეს.
„კარგია, საქართველოში ეწყობა ისეთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო აკადემია, როგორიცაა ტურინის იუვენტუსის აკადემია. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ამ აკადემიაში ისწავლიან და ივარჯიშებენ სოციალურად დაუცველი ბავშვები. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ აკადემიის ფუნქციონირებას და ვეცდებით, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ნიჭიერი მოზარდების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა. იტალიელი მწვრთნელები, მათთვის საინტერესო და გამორჩეულ მონაწილეებს, ბანაკის დასრულების შემდეგ სტაჟირებაზე მიიწვევენ იტალიაში.
პროექტში ჩართული სოციალურად დაუცველი მოზარდები იტალიური საფეხბურთო გრანდის სავარჯიშო და სათამაშო ფილოსოფიას გაეცნობიან, მოხდება მათი ინტეგრირება საზოგადოებასთან და ბანაკის დახმარებით, მოზარდებს ადრეული ასაკიდანვე ექნებათ წვდომა და ინფორმაცია, იმ მოთხოვნების და ხარისხის შესახებ, რომელიც დანერგილია იტალიურ გრანდში, რათა სამომავლოდ მათ ჰქონდეთ იმ ნაკლოვანებების გამოსწორების შესაძლებლობა, რომელზეც იტალიელი მწვრთნელები მითითებას მისცემენ. პროექტს ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთი" ახორციელებს.