​თბილისს დღეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა

სახელმწიფო ვიზიტით თბილისს დღეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება გიორგი მარგველაშვილისა და სერჯო მატარელას პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან.
პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და ქართული და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები: საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან ილია მეორესთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
სერჯო მატარელა, დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იტალიელი ბიზნესმენებიც შედიან, ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
იტალიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაათვალიერებს “ქართულ-იტალიური” ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას.