​თენგიზ ფხალაძე: შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია არ უნდა იყოს მხოლოდ არსებულ საფრთხეებზე რეაგირება - რეგიონს სჭირდება გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე სტამბოლში, კადირ ჰასის უნივერსიტეტში შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემებზე გამართულ დისკუსიას დაესწრო.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ თურქეთის, რუმინეთის, უკრაინის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. თენგიზ ფხალაძემ დისკუსიაზე შავ ზღვაზე არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს როლსა და ამ სივრცეში მის ადგილზე ისაუბრა.
"ეს არის ქვეყანა, რომელიც კონტინენტის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 14 ქვეყნიდან 8-ს აძლევს გასასვლელის შესაძლებლობას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყნებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნით.
შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია არ უნდა იყოს მხოლოდ არსებულ საფრთხეებზე რეაგირება. რეგიონს სჭირდება გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ასევე მოიცავს უსაფრთხოების განზომილებასაც. როგორც ეს იყო მარშალის გეგმის შემთხვევაში", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მან ისაუბრა ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, ნატო - საქართველოს პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე.