​თენგიზ ფხალაძე - ვიზიტის უმთავრესი თემა იქნება უსაფრთხოების პრობლემები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე საქართველოში გერმანიის კანცლერის ოფიციალურ ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ანგელა მერკელის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.
"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განხილული იქნება დღის წესრიგის ძალიან ფართო სპექტრი, რომელიც საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში არსებობს. ეს არის როგორც ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ასევე მრავალმხრივი ფორმატები, როგორიცაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ვიზიტისას ერთერთი უმთავრესი თემა იქნება უსაფრთხოების პრობლემები და ის ვითარება, რაც შექმნილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
ბუნებრივია, განხილული იქნება ის საკითხები, რამაც უფრო უნდა აამაღლოს და უფრო ინტენსიური გახადოს საქართველო და გერმანიის ურთიერთობები, აქ საუბარი ეხება როგორც სავაჭრო- ეკონმიკურ, ასევე კულტურულ - ჰუმანიტარულ კავშირებს.
განხილული იქნება პოლიტიკური დღის წესრიგის ყველა ის საკითხი, რაც დაეხმარება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, იმიტომ რომ საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში და რაც უფრო ერთად გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და უფრო მეტად დაცულს გახდის საქართველოს”, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.