​ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ერთად გავიაზრებთ, თუ რა სახელმწიფოებრივი ამოცანა გვიდგას დღეს დღის წესრიგში - კახა კოჟორიძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებთან გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, პოლიტიკური მრჩეველი და მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში. შეხვედრა თავმჯდომარეობის კანდიდატის კრიტერიუმებსა და შერჩევის პროცესის განხილვას დაეთმო. მხარეებმა განიხილეს კანდიდატურის შერჩევის რამდენიმე მოდელი. 
"მოვისმინეთ მათი ხედვები იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მართლმსაჯულების სისტემას უდგას დღის წესრიგში; ასევე, მათი ხედვები და რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება უკეთესად წარიმართოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების პროცესი. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ განაგრძონ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა, მათ შორის, კანდიდატების დასახელებისა და მათი მხარდაჭერის პროცესში, და ეს შეხვედრები, როგორც იცით, გაგრძელდება მომავალ კვირასაც. ჩვენ ვფიქრობთ ბევრ მოდელზე. უახლოეს დღეებში მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ამ მოდელებიდან რომელს მივიჩნევთ, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო სწორად შექმნილ სიტუაციაში. ეს იქნება კონკურსი, თუ ეს იქნება სხვა გზა და მეთოდი, ამას გეტყვით მოგვიანებით,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
პრეზიდენტის მრჩეველმა კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, კონსულტაციის ნებისმიერ ეტაპზე შედგეს შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც.
„გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან არის დიდი ინტერესი ამ პროცესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს შეთავაზებას "ქართული ოცნება"-სთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, მიუხედავად მათი უარისა, კვლავ მზად ვართ შევხვდეთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მოდელთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკურსთან და რაიმე სხვა მოდელებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც საზოგადოების მაღალი ჩართულობით, მთელი ამ შეხვედრების განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია, და ვფიქრობ და ვიტოვებ იმედს, რომ ეს შეხვედრები თანამშრომლობით გაგრძელდება, მიუხედავად მათი უარისა, და ყველა ერთად გავიაზრებთ, თუ რა სახელმწიფოებრივი ამოცანა გვიდგას დღეს დღის წესრიგში,“ - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
შეხვედრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით კვლავ გაგრძელდება. ფართო კონსულტაციების ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული ეს უკვე რიგით მეხუთე შეხვედრაა.