Al Jazeera America: ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან

-დღეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთს სურს დაუბრუნდეს იმპერიულ დროს. ცოტაა სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს მსგავსად გამოსცადა რუსეთის აგრესია. ფიქრობთ თუ არა იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის დაუსჯელობას ყირიმის აღებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ჩარევისათვის?
 
-თქვენ სრულიად მართალი ხართ. საქართველომ გამოსცადა და კვლავ განიცდის რუსეთის აგრესიას. 2008 წელს რუსეთის რეგულარული სამხედრო არმია შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ მიწაზე, მოახდინა ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია და შემდეგ ისინი აღიარა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
 
საბედნიეროდ, ეს ქმედებები არ არის მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ამ რეგიონების არაღიარების პოლიტიკა არის მყარი და ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას.
 
-თუმცა აღნიშნული რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, კვლავ არ არის საქართველოს კონტროლის ქვეშ. 2008 წლის ომში რუსეთის არმია მოადგა საქართველოს დედაქალაქის თბილისის გარეუბნებს. ივლისში მათ გადმოსწიეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი. თქვენ ისაუბრეთ, რომ რუსეთი მიდრეკილია ტერიტორიების გაზრდისაკენ. ფიქრობთ თუ არა, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება?
 
-სამწუხაროდ, მართალი ხართ. ჩვენ ეს დავინახეთ საქართველოში 2008 წელს და იგივე სურათს ვხედავთ 2014 წელს უკრაინაში, სადაც ყირიმი და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი ოკუპირებულია. უფრო მეტიც, რუსეთის განზრახვები არ არის საიდუმლო, ისინი არ საჭიროებს გამოცნობას; ყველაფერი გაცხადებულია რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის დოქტრინაში, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებს განიხილავს როგორც უკანა ეზოსა და საკუთარი პრივილეგირებული ინტერესების ზონას, სადაც რუსეთს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები და განახორციელოს სამხედრო ინტერვენციები.
 
მსგავსი ვითარება არ უნდა გაგრძელდეს და მას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს ეს ქმედებები და ისეთი წნეხის ქვეშ მოაქციოს რუსეთის ფედერაცია, რომ ის თავის მეზობელ სახელმწიფოებს მოექცეს იმ სტანდარტებით, რომლებსაც იყენებენ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოები და რაც საერთაშორისურთიერთობების  საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოქცევას ნიშნავს.

Georgian President demands end to Russia's occupation