NATO - საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა

„NATO - საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი კიდევ უფრო დახვეწს ჩვენი ჯარისკაცებისა და ჩვენი პარტნიორების  უნარებს, რომლებსაც მხოლოდ იმისათვის გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ თავისუფლება და ის ღირებულებები, რომლის ირგვლივაც ვერთიანდებით“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცენტრის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულს, რომელიც NATO- ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
 
ცენტრის ინაუგურაცია დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გაიმართა.
 
„მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოება, მოგესალმებით კაპრალებო, სერჟანტებო, ოფიცრებო და გენერლებო.
 
მივესალმები გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, თავდაცვის მინისტრს, პრემიერმინისტრს.  მივესალმები NATO-ს გენერალურ მდივანს და NATO-ს მთელ დელეგაციას.
 
პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელ დელეგაციას იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან და იზიარებენ ჩვენს წარმატებას.
 
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ დღის ეფექტურად მიღწევისათვის. მადლობა საქართველოს პარლამენტს და იმ დელეგაციას, რომელმაც ერთი წლის წინ ეს მნიშვნელოვანი პაკეტი წამოიღო უელსის სამიტიდან.
 
ყველაზე დიდი მადლობა კი მინდა გითხრათ თქვენ -  საქართველოს ჯარისკაცებო! თქვენ თქვენი სისხლის და ოფლის ფასად მოიტანეთ ეს დღე. დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის გმირები, რომლებიც დაეცნენ ბრძოლის ველზე - საუკუნე, დიდება და ხსოვნა მათ სახელებს!
 
დღეს, თქვენთან ერთად ამაყად დგანან ჩვენი ქვეყნის ის მომავალი ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენს ოჯახებში იზრდებიან. დღეს ჩვენ ამაყად ვდგავართ აქ, საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ვიცავთ იმ ღირებულებებს, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძოდით.
 
 
 
ვაძლიერებთ ჩვენი თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას. ჩვენ ვიცავთ ამ ღირებულებებს ჩვენს მიწა-წყალზე და ვიცავთ მათ გლობალური მასშტაბით, ვიცავთ ადამიანის უფლებებსა და თავუსუფლებებს.
 
დიდი სიამაყით ვდგავართ დღეს აქ, რადგან იმაზე მეტი სიამაყე არ შეიძლება გააჩნდეს ქართველ კაცს, ვიდრე იარაღით ხელში იცავდეს თავისი საზოგადოების მშვიდ ძილს.
 
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამისათვის და ვუსურვებ დიდ წარმატებას სასწავლო ცენტრს.
 
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“,-  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა NATO - საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნაზე, რომელსაც საქართველოში ვიზიტად მყოფი NATO - ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მინისტრები ესწრებოდნენ.