ანა ნაცვლიშვილი - დღეს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ვერ პასუხობს ნარკოდამოკიდებულების შემცირების მიზანს და თავად აჩენს ახალ პრობლემებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ვერ პასუხობს ნარკოდამოკიდებულების შემცირების მიზანს და თავად აჩენს ახალ პრობლემებს.
"არსებული ნარკოპოლიტიკა აჩენს ახალ პრობლემებს კონკრეტული ადამიანებისთვის და საზოგადოებისთვის. საზოგადოებაში მოლოდინი, იმისა, რომ ეს ნარკოპოლიტიკა შეიცვლებოდა, ჯერ კიდევ 2013 წლიდან არსებობდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ დღემდე ვხედავთ, რომ რეფორმა ჭიანურდება, რაც არის ძალიან სამწუხარო", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი განცხადებით, ამ პირობებში პრეზიდენტმა უკვე შეცვალა შეწყალების კომისიისადმი მიმართვის პროცედურა. გახდა ეს პროცედურა გაცილებით უფრო მარტივი ყველასთვის თანაბრად.
"იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრალად შერაცხული აქვთ ნარკოტიკის მოხმარება და ნარკოდანაშაულები, გარდა ნარკოტრანზიტისა, გასაღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით ჩადენილი დანაშაულებისა, ამ ადამიანებს აღარ მოუწევთ თვეობით, ან რიგ შემთხვევებში, წლობით ლოდინი იმისთვის, რომ მიმართონ შეწყალების კომისიას.
ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება და გზას უხსნის ამ ადამიანებს, რომ მათი საქმეები კომისიამ ინდივიდუალურ რეჟიმში შეისწავლოს დამატებითი ლოდინის გარეშე და ინდივიდუალურ რეჟიმში საქმეების შესწავლის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.