ანა ნაცვლიშვილი - მნიშვნელოვანია, პარტიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოუწოდოს თავის აქტივისტებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებებისგან

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი დღეს ახალქალაქში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა მიუღებელი და დაუშვებელია და მნიშვნელოვანია, პარტიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოუწოდოს თავის აქტივისტებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებებისგან.

"მისასალმებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწრაფად დაიწყო ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება და აუცილებელია, რომ ეს ფაქტი და გამოძიება დროულად წარიმართოს და დროულად მოხდეს ყველა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის განხორციელება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მოქმედების პარალელურად, არ მოხდეს ძალადობრივი ინციდენტები და მათ გაეცეს შესაბამისი პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოუწოდოს თავის აქტივისტებს, რომ თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობრივი მოქმედებებისგან.

ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში და ძალიან დამაზიანებელი იქნება თუ ძალადობის ფონზე მოხდება კამპანიის გაგრძელება. ამიტომ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებმა ასევე პარტიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ზოგადად პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რა თქმა უნდა უპირველესად ხელისუფლებამ, რომ მშვიდ, კანონის ჩარჩოებში არსებულ ვითარებაში წარიმართოს ეს პროცესი, დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.