ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის დავალებით ყურადღებით, მუდმივ რეჟიმში დავაკვირდებით დღეს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აუცილებლობად მიიჩნევს, გუშინ ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის, სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროისათვის, იმ ადგილას და იმ ფორმით.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შესწავლილი უნდა იყოს ყველა გარემოება, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს სწრაფად გაეცეს ამომწურავი პასუხები.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება და ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად და მუდმივად, მაგრამ, რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება მედიით, ის ინფორმაცია, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ძალიან მაღალი ინტერესი ამ ფაქტებთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ აუცილებელია მოხდეს ფაქტების დეტალურად და მიუკერძოებლად შესწავლა.
"დღეს, სამ საათზე მოქალაქეები გეგმავენ მშვიდობიანი შეკრების და საპროტესტო აქციის ორგანიზებას.  მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება ეს არის კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებით სარგებლობა უნდა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
იმედი გვაქვს, რომ ამ მოცემულობაში, ყველა სახელმწიფო უწყება იაზრებს თავის როლს და პასუხისმგებლობას და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს მოქალაქეებმა შეძლონ კონსტიტუციური უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა.
პრეზიდენტის დავალებით ჩვენ ძალიან ყურადღებით, მუდმივ რეჟიმში დავაკვირდებით მიმდინარე აქციას,"- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.