ჩვენი მიზანი - ძლიერი, ევროპულად განვითარებული საქართველოა
„ყველა საერთაშორისო ფორუმში უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა დაიპყრო მეგობარი მეზობელი ქვეყანა. თუ ასე არ გავაკეთებთ, იქნება კიდევ ერთი ყირიმი ან რუსეთის სხვა მეზობელი“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ახლახანს ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ეწვია.- რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენი ვიზიტი ლატვიაში?
ამ ვიზიტის კონტექსტში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი განზომილება. ამჟამად ლატვია ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ლატვიის თავმჯდომარეობის დროს ჩატარდება. ამ სამიტზე უნდა მივიღოთ პასუხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე. მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარება ლატვიასა და საქართველოს შორის, რაც ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია. მესამე, ვგრძნობ, რომ ნამდვილად ახლო მეგობრობაა ჩვენს ქვეყნებს შორის და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ.
- როგორ შეუძლიათ ჩვენს ქვეყნებს უფრო ახლო თანამშრომლობის დამყარება?
ლატვიაში, საქართველოსა და ქართველების მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულებაა. ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის შემდეგ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ლატვიის ფასდაუდებელი გამოცდილება. ცვლილების ამ პროცესში - როგორ უნდა მოხდეს ევროპული წესების შემუშავება ყველაზე ნაკლებად მტკივნეული რეფორმებით. ლატვია ძალიან აქტიურია აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხების განვითარებაში. ასევე გვაქვს ბიზნესში უფრო ახლო თანამშრომლობის შესაძლებლობა. ლატვიაში ჩემთან ერთად ჩამოვიდა საქართველოს ბიზნესდელეგაცია. ეს კიდევ ერთი გზაა ჩვენს ხალხს შორის კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად და გასაძლიერებლად. საქართველო საინტერესო ადგილია ბიზნესისათვის და მინდა განსაკუთრებულად გამოვყო ეს კონკრეტული ასპექტი.
- რატომ უწევთ რეკომენდაციას საქართველოს, როგორც მიმზიდველ ბიზნესლოკაციას?
საქართველოს საერთაშორისო „ბიზნესის წარმოების“ ინდექსის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ჩვენ გვაქვს დაბალი გადასახადები, ლიბერალური სავაჭრო შეთანხმებები და გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩვენს მეზობლებთან: დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან, თურქეთთან. ჩვენ ვიმყოფებით კასპიის ზღვის რესურსებისკენ მიმავალ გზაზე. ვდებთ ინვესტიციებს ახალი სარკინიგზო ხაზების მშენებლობასა და ჩვენი პორტების განვითარებაში. ჩვენი უპირატესობაა ის, რომ ელექტროენერგიის წარმოებაში ლიდერები ვართ ჩვენს რეგიონში წყლის რესურსებით. რუსეთის სამხრეთსა და თურქეთის ჩრდილოეთთან ენერგეტიკის სექტორში ვართ დაკავშირებული. საქართველო ასევე კარგი გასასვლელია ლოჯისტიკის სისტემაში.
ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, აშკარა გახდება, რომ საქართველო კარგი ადგილია ინვესტიციებისთვის. ჩვენ ამ იმიჯს პოპულარიზაცია უნდა გავუკეთოთ. ინვესტორებმა საქართველო არ უნდა აღიქვან როგორც ბაზარი, რომელიც შედგება 4 მილიონი ადამიანისგან, არამედ როგორც ადგილი, საიდანაც მათ შეუძლიათ მოიცვან მილიარდი მომხმარებლის ბაზრები.
- თქვენ, ისევე როგორც ლატვიის პრეზიდენტი, პოლიტიკური მოღვაწე ბრძანდებით, რომელსაც უფრო მეტად ცერემონიული როლი გაქვთ და არა აღმასრულებელი ფუნქცია. რას ელოდება ქართული საზოგადოება პრეზიდენტისაგან?
ცოტა ხნით ადრე სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი, საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა. ამჟამად პრეზიდენტს არა აქვს აღმასრულებელი ფუნქცია. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი არჩეულია ხალხის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს დიდი პოლიტიკური ლეგიტიმურობა. პრეზიდენტი უზრუნველყოფს ბალანსს მთავრობის სხვადასხვა შტოს შორის, გარდა ამისა, პრეზიდენტი დამოუკიდებელია. მე არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას. მე ისეთივე როლი მაქვს, როგორც თქვენს პრეზიდენტს ანდრის ბერჟინსს. ის ძალიან საინტერესო ადამიანია ძლიერი პერსონალური კომპონენტით პოლიტიკურ ურთიერთობებში.
თუმცა, საქართველოში ბევრ ჩვეულებრივ ადამიანს და პოლიტიკოსს არ ესმის, რომ საპრეზიდენტო ძალაუფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა. ხალხი კვლავ მომთხოვნია ჩემ მიმართ და სურს, რომ განვახორციელო აღმასრულებელი ფუნქციები, მაგალითად, ვიზრუნო მათ საარსებო წყაროზე.
- ისურვებდით ამაზე ზრუნვას, შესაძლებელი რომ იყოს?
ვცდილობ მაქსიმალურად. მხარს ვუჭერ მიმდინარე სამთავრობო რეფორმებს, სოციალურ დაცვას, ჯანდაცვასა და ბიუჯეტირებაში. მე ამას ნორმალურ პროცესად აღვიქვამ, რასაც ჩვენ მივყავართ ევროპულ საზოგადოებასა და ძალების სეპარაციამდე.
- როგორც პრეზიდენტს, გაქვთ შესაძლებლობა მიმართოთ პარლამენტს ყოველწლიური სიტყვით. ბოლო სიტყვა ახლახანს, მარტში იყო.
ეს სერიოზული ინსტრუმენტია პრეზიდენტის ხელთ - ჩემს სიტყვაში მე ვსაუბრობ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. რადგანაც პრეზიდენტი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ის დამოუკიდებელია. მაშასადამე, მისი მესიჯი საინტერესოა როგორც პარლამენტის, ისე საზოგადოებისათვის.
- თქვენს სიტყვაში ახსენეთ, რომ ჯერ კიდევ აუცილებელია საქართველოში რეფორმების განხორციელება, მაგალითად, ხაზი გაუსვით, რომ არსებობს სხვადასხვა საბჭოები და ორგანოები, რომელთა ფუნქციები ნაწილობრივ ემთხვევა ერთმანეთს...
მე არ ვფიქრობ, რომ ფუნქციების დუბლირება უჩვეულო პრობლემაა. მაგრამ თუ საზოგადოებას სჭირდება სწრაფი რეფორმები, არ არის საჭირო ბევრი სხვადასხვა საბჭო. ის, რომ ამგვარი საბჭოები არსებობს, ცუდი არ არის, მაგრამ მეტად მტკიცედ უნდა მივიღოთ კრიტიკული გადაწყვეტილებები. ნებისმიერი საკითხის განხილვა შეიძლება მრავალ ექსპერტთან უსასრულოდ. საბოლოოდ მოიძებნება ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მეტისმეტად გვიან იქნება. მაშასადამე, აქტიურები უნდა ვიყოთ კრიტიკული გადაწყვეტილებების დროულად მიღებაში.
ამჟამად ჩვენ ვდგავართ იუსტიციის სისტემის მთავარი რეფორმების წინაშე, რამდენადაც ეს სისტემა ყველაზე ნაკლებად განვითარებულია საქართველოში. ჩვენ მეტად ლიბერალური მოსამართლეები გვჭირდება და ამავე დროს თავიდან უნდა ავიცილოთ კორუფციის რისკები. მე ახლახანს დავამტკიცე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც გეგმავს იუსტიციის რეფორმების ინტენსიურ პროგრამას. მოსამართლეები ახლა უფრო მეტად თავისუფალი არიან და მათი გადაწყვეტილებები ნაკლებად არის დაკავშირებული პოლიტიკურ სტატუს-კვოსთან ქვეყანაში.
როგორც უკვე გითხარით, გადამწყვეტი რეფორმები მიმდინარეობს ჯანდაცვასა და სოციალურ უსაფრთხოებაში. ანალოგიურად, გვჭირდება ძლიერი და გადამწყვეტი ეკონომიკური რეფორმები, რათა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური დონე და ვაჩვენოთ, რომ საქართველო კარგი ადგილია ბიზნესის შესაქმნელად.
- როგორ ცხოვრობენ ქართველები ამჟამად?
ცხოვრების სტანდარტები განსხვავებულია. ჩვეულებრივ ქართველებს რთული ყოველდღიური ცხოვრება აქვთ, რადგან უმუშევრობის დონე მაღალია. ხშირ შემთხვევაში ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი მუშაობს და არჩენს მთელ ოჯახს. ქართველებს აქვთ მომავლის იმედი. თუმცა, ჩვენი ისტორია და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები გავლენას ახდენს ჩვენს აწმყოზე. ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია.
ჩვენ არაჩვეულებრივი კლიმატი გვაქვს - შეგიძლიათ მანქანით ორ საათში აღმოჩნდეთ ზღვასთან, მთებში ან ტყეში ან მონაწილეობა მიიღოთ ღვინის ფესტივალში. ასევე მინდა გითხრათ, რომ მზე ცხოვრებას უკეთესს ხდის.
- როგორ გეგმავს საქართველო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნებას ქართულ მმართველობაში?
იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ისინი, უნდა განვკურნოთ წარსულის ჭრილობები პარტნიორობისა და ევროპული გადაწყვეტილების საშუალებით. ჩვენ არ ვფიქრობთ ტერიტორიების დაბრუნებას სამხედრო ძალით. ძლიერი, ევროპულად განვითარებული საქართველო საუკეთესო არჩევანია. როცა საქართველო ცხოვრების სტანდარტებითა და პოლიტიკით გახდება ევროპის ნაწილი, შევძლებთ კარგი გადაწყვეტილების შეთავაზებას ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად. რუსეთის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა რუსეთის კომპონენტად გახდომაა, მაგრამ რუსეთი არაა კარგი ადგილი ეთნიკური უმცირესობებისთვის. რუსეთმა დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები, მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს და შემდეგ კონტრაქტი გააფორმეს რუსეთთან. ეს გამოუვალი მდგომარეობაა რუსეთისთვის. მე არ მესმის რატომ აკეთებს ამას, რადგანაც დამატებითი კვადრატული კილომეტრი უკანასკნელი რამეა, რაც მათ სჭირდებათ.
- ქართველი ხალხის მიმართ თქვენს სიტყვაში ახსენეთ, რომ რუსეთი საფრთხეა?
მე ვისაუბრე ფაქტების შესახებ - რუსი სამხედროები საქართველოს მიწაზე არიან სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში და რუსეთმა ორივე ტერიტორიასთან ხელშეკრულებები გააფორმა.
ახლა უკრაინაა საფრთხის ქვეშ. რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს გამოვლენილი მტრობა ძალიან ჰგავს იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება.
- თქვენი აზრით, რა ისწავლეს დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთ-საქართველოს ომიდან?
დასავლეთის ლიდერებმა დაინახეს, რომ რუსეთის პოლიტიკოსებმა განახორციელეს მათი სიტყვა ქმედებაში. რუსეთმა სწრაფად და ღიად იმოქმედა. რუსეთს სჯერა, რომ პოსტ-საბჭოთა ტერიტორია მათი ეზოა და მათთვის დაშვებულია სამხედრო ძალის იქ გამოყენება. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამოაცხადა, რომ ეს ტერიტორია რუსეთის განსაკუთრებული ინტერესის ზონაა. მთავარი გაკვეთილი დასავლეთისთვის არის ის, რომ რუსეთის პოლიტიკა ცხადი, უხეში და ღიაა. პასუხიც ასევე ცხადი უნდა იყოს. ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ქვეყნები ვალდებული არიან პატივი სცენ საერთაშორისო კანონს, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე ვრცელდება და ქვეყნებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ ამ ნორმების პატივისცემა, პასუხი უნდა აგონ და ეს არ უნდა იყოს მოკლევადიანი რეაგირება. ჩვენ არ გვჭირდება სამხედრო კონფრონტაცია, მაგრამ ძალადობა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. ყველა საერთაშორისო ფორუმზე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა დაიპყრო მეგობარი მეზობელი ქვეყანა. თუ ამას არ ვიზამთ, კიდევ იქნება კიდევ ერთი ყირიმი ან რუსეთის სხვა მეზობელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი თვლის, რომ უფლება აქვს გადაწყვიტოს მეზობლებთან დაკავშირებული საკითხები.