ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციები იწყება

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
"მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ქადაგიძეს ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონმდებლობით კი, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ასევე ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობის სტაბილური ფუნქციონირებისა და მთლიანად პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, დღეიდან ვიწყებ ბატონი გიორგი ქადაგიძის უფლებამონაცვლის შერჩევის ძალიან ღია პროცესს.
 
შესაბამისად, კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
 
გიორგი აბაშიშვილმა  ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებაც ისაუბრა.
 
„ამჟამად ქვეყნაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის უარგუმენტო დანაწევრების პროცესი. საუბარია იმ ინსტიტუტზე, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით ძალიან მაღალპროფესიულად ასრულებს თავის საქმიანობას, მათ შორის, განსაკუთრებით საბანკო ზედამხედველობის სფეროში.
 
ამავდროულად, საუბარია ისეთი ტიპის ცვლილებებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს, ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულებას ასოცირების დღის წესრიგის 2015 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნესასოციაციების, ექსპერტების, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან ღია შეფასებებთან და, სამწუხაროდ, დღემდე, კანონპროექტის არც ავტორებს და არც მათ მხარდამჭერებს, თუნდაც მცირე პროფესიული არგუმენტიც კი არ წარმოუდგენიათ ამ ცვლილების განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ბატონი ქადაგიძე არის მიუღებელი და საჭიროა მისი ნეიტრალიზაცია.
 
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია კონკრეტულ პიროვნებათა გამო ინსტიტუტების მსგავსი ნგრევა; გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სწორედ ახლა დავიწყეთ ბატონი ქადაგიძის ადგილმონაცვლის შერჩევის ძალიან ღია პროცესი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 7 თვე დარჩა და შესაბამისად, კიდევ უფრო დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთვევაში, რასთან გვაქვს საქმე; და ბოლოს, მსურს განვაცხადო, რომ აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლა, ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას; გამომდინარე აქედან, ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებზე, შესაბამისი პასუხისმგებლობა მის ყველა მხარდამჭერს ეკისრება“, - განაცახდა გიორგი აბაშიშვილმა.