ფიქრია ჩიხრაძე: ნუ იქნებით კოლექტიური მურუსიძეები, დარჩით საკუთარი სახელით

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა - პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სტუმრობისას განაცხადა, პრეზიდენტის მხრიდან იუსტიციის საბჭოს მისამართით გამოთქმული შენიშვნები, არა სასამართლოზე ზეწოლა, არამედ პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მწვავე რეაგირება მოახდინოს იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივ პერსპექტივას და საქართველოს მოქალაქეების უფლებებს ეხება. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, არა მხოლოდ სასამართლო სისტემას, არამედ ქვეყნის მომავალს საფრთხეს უქმნის.
 
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ დრამატული, თუ ტრაგიკული არა, მოვლენების მომსწრენი გავხდით. მე მინდა უფრო გლობალური ხედვა შემოვიტანო ამ საკითხში, ეს არ ეხება კონკრეტულ მოსამართლეებს და თუნდაც მხოლოდ სასამართლო სისტემას. ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება ეხება საქართველოს მომავალს, სახელმწიფოს ფუნდამენტს, მის ევროპულ პერსპექტივას. სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ამის წარმოდგენა შეუძლებელია! პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და მას უარი არ უთქვამს თავის უფლებამოსილების შესრულებაზე და არც აპირებს. მას არაერთხელ მოუწევს ძალიან მწვავე რეაგირება იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივ პერსპექტივას და საქართველოს მოქალაქეების უფლებებს ეხება“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
 
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, სადაო ის კი არ არის, რომ სასამართლო სახელმწიფოს დამოუკიდებელი შტოა და მასზე ზეწოლის ბერკეტები არავის არ უნდა ჰქონდეს, არამედ ის, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს ნაცვლად საზოგადოებამ მიიღო არა ინდივიდუალური მოსამართლეები, არამედ კოლექტიური მურუსიძეები. პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მურუსიძის დანიშვნას არ მიესალმნენ არც ხელისუფლების წევრები.
 
„ყოფილმა პრემიერმა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე განაცხადა, რომ ისიც არ მიესალმება ამ დანიშვნის ფაქტს და მურუსიძე მოიხსენია „სისტემის მსხვერპლად“. სისტემის მსხვერპლი ვინც იყო, ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარკვეულ დაკვეთებს და დავალებებს ასრულებდა. გვეუბნებიან, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს და ეს ცუდი არ იყო, სასამართლო დაირქმევს კოლექტიურ მურუსიძეს და დღესაც შეიძლება ეს დაკვეთები შესრულდეს, მაგრამ არ გაბედოთ და სასამართლოს ვინმემ გადაბრუნებული სიტყვა არ უთხრათ“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
 
ფიქრია ჩიხრაძემ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო მხოლოდ მურუსიძის თანამგრძნობი ადამიანებისგან არ შედგება და იქ არიან ადამიანები, რომელთაც დამოუკიდებელი გზის გავლა უნდათ.
 
„არ მოგეწონება პრეზიდენტი გადაირჩევ, არ მოგეწონება პარლამენტი გადაირჩევ. ეს „სისტემის მსხვერპლი“ ადამიანები კი გვეუბნებიან რომ უვადოდ უნდა დაინიშნონ. მე ვეტყვი ყველა მოსამართლეს, ეჭვი არ მეპარება რომ სასამართლო კორპუსში არიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ ამ კასტურმა განწყობამ შექმნა ერთგვარი შანტაჟის ატმოსფერო, რომ თუ არ იქნები ამ გუნდთან, ვერ დაინიშნები თანამდებობაზე. ყველა ის მოსამართლე ვინც დანიშვნას ელოდება დგას ამ დილემის წინაშე, გადაიქცეს კოლექტიურ მურუსიძედ თუ დარჩეს საკუთარი სახელი და გვარით. დარჩით საკუთარი სახელით და გვარით, შექმენით თქვენი ბიოგრაფიები და საქართველოს პრეზიდენტიც და საქართველოს მოქალაქეებიც იქნებიან თქვენს გვერდით, მაგრამ თუ თქვენ აირჩევთ კოლექტიური მურუსიძეობის გზას, ეს არ არის საქართველოსთვის სასურველი გზა და ამაში თქვენ თანამგრძნობები არ გეყოლებათ“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.