ფიქრია ჩიხრაძე - სისტემას უნდა ჩამოშორდნენ ის პროკურორები, მოსამართლეები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ამ სისტემას ქმნიდნენ

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე "გირგვლიანის შესწორებების" საკანონმდებლო პაკეტის შექმნის შესახებ "ქართული ოცნების" დღევანდელ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ სისტემას უნდა ჩამოშორდნენ ის პროკურორები, მოსამართლეები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ამ სისტემას ქმნიდნენ.
როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილ დანაშაულთა მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება იყო არა რეალური მართლმსაჯულება, არამედ სამწუხაროდ მართლმსაჯულების იმიტაცია.
"სისტემური დანაშაული მრავალპლანიანია და მას ჰყავდა შესაბამისი სისტემური აღმსრულებლები, იმისათვის, რომ სისტემური დანაშაული მართლაც აღარასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, ის სისტემური დანაშაული, რომელზედაც მიუთითებდა სტრასბურგის სასამართლო და რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ამ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვიყავით ჩართულები, ჩვენ ყველა იმ რგოლში შესაბამისი ცვლილებების გატარებას ვითხოვთ, რომელიც ამ სისტემური დანაშაულის პროცესში იყო ჩართული.
ესენი არიან უპირველეს ყოვლისა - ის პროკურორები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავარ ღერძს სისტემური დანაშაულის აღსრულებისას, მათი ჩამოშორება შესაბამისი სისტემისაგან; სპეცსამსახურების ის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მთელ რიგ უკანონო ქმედებებში, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას ადამიანებზე, ჩამოშორდნენ შესაბამისი სამსახურებიდან და სისტემისაგან. ცალკეულ შემთხვევებში, თუკი ასეთი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე იყო, აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები და შესაბამისად, ამ ნაწილშიც ვიხილოთ აღსრულებული მართლმსაჯულება.
ის მოსამართლეები, რომლებიც სამართლიანობის სახელით ამ დანაშაულებრივ ჯაჭვს ასვამდნენ ბეჭედს და დღესაც სისტემაში იმყოფებიან, უნდა ჩამოშორდნენ სისტემას, რადგან სისტემა ვერ გაჯანსაღდება, თუ იმ ადამიანებმა, შესაბამისი თანამდებობის პირებმა, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ, რომლებიც ამ სისტემას ქმნიან, არ იგრძნეს პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მათ მიერ სისტემური დანაშაულების აღსრულების საქმეში ხდებოდა.
იმ პატიმრების საქმეები, რომლებიც აი ამ სისტემური დანაშაულის პირობებში უკანონოდ დაისაჯნენ და დღესაც შესაძლოა, საპატიმროებში არიან, რომელთა მიმართ პატიმრობის პირობებში განხორციელდა რაიმე ტიპის ძალადობა, წამება, ან ძალადობრივი ქმედება გამოიძიონ თავიდან, და ამ მხრივაც, ჩვენ ადეკვატური პასუხი გავცეთ მართლმსაჯულების სახელით ყოველ საქმესთან მიმართებაში.
ასევე, ჩამორთმეული ქონების საკითხების მკვდარი წერტილიდან დასაძრავად, რომლებზეც დღემდე რეალურ შედეგამდე ვერ მივედით, შეიქმნას ეფექტური მექანიზმები, რომლებიც სამართლიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებას, ან შესაბამისი გონივრული კომპენსაციების გაცემას.
აი, ეს არის, სწორედ, ეფექტური მექანიზმების შემქნა და მე თუ მკითხავთ, არამარტო პასუხი წარსულ ქმედებებზე სისტემურ დანაშაულთან მიმართებაში, არამედ მომავლისათვის ყველაზე საუკეთესო პრევენცია.
ჩვენ ამ საქმეში ვაპირებთ, რომ ვიყოთ აქტიურად ჩართულები და ამავე დროს დაინტერესებული ქართული საზოგადოებაც აქტიურად ჩავრთოთ შესაბამის პროცესში", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.