ფიქრია ჩიხრაძე - უმთავრესია, სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მშვიდობიანად წარმართვის უფლება, რათა არ მოხდეს რაიმე ტიპის ესკალაცია

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც დღეს საღამოს აქციაზე "ჩვენი თავისუფლებისათვის" მივიდა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უმთავრესია, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მშვიდობიანად წარმართვის უფლება, რათა არ მოხდეს რაიმე ტიპის ესკალაცია და პროვოკაციული მოქმედებები.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის დავალებით ვაკვირდებით და მომავალშიც დავაკვირდებით აქციის მიმდინარეობას. 
ის, რომ განხორციელებული სპეცოპერაციის გარშემო არსებობს ბევრი კითხვა უკვე ეს ფაქტია და რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაიცემა ოფიციალური ორგანოებისაგან შეკითხვები, სამწუხაროდ, უფრო მატულობს და არ კლებულობს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ უახლოეს ხანებში შეკითხვებს გაეცეს ამომწურავი პასუხი, საზოგადოებამ მიიღოს ცხადი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.
რა ნაბიჯებს გადადგამენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, ეს თავად მათი გადასაწყვეტია. მთავარია, აქ არ მოხდეს რაიმე ისეთი, რაც დაძაბავს სიტუაციას, რაც იქნება პროვოკაციული", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.