გიორგი აბაშიშვილი- ძალიან მნიშვნელოვანია გამომცემლობების მხარდაჭერა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალის დახურვის ცერემონიას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლობების უმრავლესობამ უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგინა ახალი თუ ძველი გამოცემები. მოაწყო ახალი წიგნების წარდგინებები, შეხვედრები ავტორებთან და გამართა საჯარო ლექციები.
ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა წიგნის საახალწლო გამოფენა, რადგან პრეზიდენტი ყოველწლიურად მხარს უჭერს გაზაფხულზე წიგნის ფესტივალს და ახლაც იყო შესანიშნავი იდეა, რომ ახალ წელსაც განსაკუთრებით გამორჩეულად ყოფილიყო წიგნის გამოფენა.
"ძალიან მნიშვნელოვანია გამომცემლობების მხარდაჭერა, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც მომავალ წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარდგენილი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე და ჩვენ შევთანხმდით გამომცემლებთან, რომ კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ, მათ შორის, როგორც ფრანკფურტის ფესტივალისთვის, ასევე გაზაფხულზე წიგნის გამოფენისთვის", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.