გიორგი აბაშიშვილი : „გასულ წელთან შედარებით, სოლიდური ზრდა გვაქვს სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების თვალსაზრისით“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თურქმენეთში ვიზიტის პირველი სამუშაო დღე მედიასთან შეაფასა: „ გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა თურქმენეთში და ამ პერიოდის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა.  რაც პოზიტიურად აისახა ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობაზე. სოლიდური ზრდა გვაქვს სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე  გაიზარდა ტურისტების რაოდენობა თურქმენეთიდან. კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა სატრანსპორტო მიმართულებით. ძალიან რეალური ხდება, ერთის მხრივ პროექტი „Lapis Lazuli“ ,  სადაც ჩართული იქნება სწორედ თუქრმენეთი, რაც არის ავღანეთის ინიციატივა. ძალიან აქტუალური საკითხია ენერგო სექტორში თანამშრომლობა, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება თურქმენეთიდან ევროპის მიმართულებით საქართველოს გავლით.
ამ კუთხით საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აშხაბადის დეკლარაციას, ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის მიმართულებით ევროკავშირის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას და ვიმედოვბნებთ, რომ თურქმენეთში ვიზიტის დროს ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდება. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, დაჩქარდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოს და თურქმენეთის თანამშრომლობას ჯამში ევროპის ენრგოუსაფრთხოების მიმართულებით გააძლიერებს“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
 
დელეგაციის შემადგენლობაში არიან : საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ასევე პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და ფიქრია ჩიხრაძე.