გიორგი აბაშიშვილი კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დღეს კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონალური პროგრამის „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ ხელმძღვანელს ჯანან ათილგანს შეხვდა. ჯანან ათილგანმა გიორგი აბაშიშვილს საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრისას, მათ ყურადღება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე გაამახვილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო კონკრეტული პროექტის განხორციელებას, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობას ითვალისწინებს. გიორგი აბაშიშვილმა და ჯანან ათილგანმა ამ პროექტის განხორციელების გზებზეც იმჯელეს.
პრეზიდენტის მრჩეველმა და ფონდის წარმომადგენელმა მიმდინარე სოციალურ- ეკონომიკურ პროცესებიც განიხილეს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და მჭიდრო კომუნიკაციაზეც შეთანხმდნენ.