გიორგი აბაშიშვილი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხებზე იმსჯელეს, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
„საუბარი იყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილ იმ შესაძლებლობაზე, რომელიც მათ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ანიჭებს. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა ჩამოთვალეს საკითხები, რომელთა მოგვარებაც მათ უფრო მეტად დაეხმარება, ერთი მხრივ, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შიდა ბაზარზე დამკვიდრებაში და, მეორე მხრივ, მის ექსპორტირებაში. ფაქტია, რომ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის გაძლიერებაა საჭირო. ჩანს, რომ აუცილებელია მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლების უფრო მეტად ინფორმირება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს იმისთვის, რომ მათ მიერ წარმოებულმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გასატანად საჭირო სტანდარტები", - განაცხადა აბაშიშვილმა.
ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით პრეზიდენტის მრჩეველს ინიციატივით მიმართა გაყიდვების მართვის კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ:
"ჩვენი სავაჭრო ნიშანია "არჩიე ქართული". მისი მიზანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ. დღევანდელ შეხვედრაზე დავსვით საკითხი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნას საგამოფენო სივრცე, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ "ქართული სახლი". აქ თავს მოიყრის ყველა ქართველი მეწარმის, ქართული ბიზნესის მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელიც არის განსხვავებული და მეტნაკლებად წარმოადგენს საქართველოს სახეს. ვფიქრობ, ეს მცირე, თუმცა საინტერესო ნაბიჯი იქნება ქართული პროდუქტის მხარდაჭერის კუთხით", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ იდეა საინტერესოა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკურ საკითხებზე ინიციატორ კომპანიასთან მუშაობა გაგრძელდება.