გიორგი აბაშიშვილმა ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროექტის “ჩემი ხმა გადამწყვეტია!” მონაწილეებს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც 
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის “კარგი მმართველობის ინსტიტუტი” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გიორგი აბაშიშვილი ახალგაზრდებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში ახალგაზრდების მონაწილეობისა და აქტიურობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
გიორგი აბაშიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აფინანსებს და რომლის მიზანიც ახალგაზრდა ამომრჩეველთა განათლება, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა და ახალგაზრდების საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის დონის ამაღლებაა.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით შეხვედრებს სახელმწიფო უწყებებში მართავენ. 
გიორგი აბაშიშვილმა ახალგაზრდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობის თავისებურება, პრიორიტეტები და გამოწვევები გააცნო.