გიორგი აბაშიშვილმა ბელორუს კოლეგასთან გამართა შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, დღეს, ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ნიკოლაი სნოპკოვს შეხვდა.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის პრაქტიკა და გამოცდილება, რომლებსაც საქართველოსა და ბელორუსის პრეზიდენტების ადმინისტრაციები იყენებენ. საუბარი შეეხო მუშაობის სპეციფიკას აღნიშნულ სრუქტურაში.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს რეგიონულ როლსა და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები იყო. ბელორუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ის მიესალმება საქართველოს გააქტიურებას ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ასევე აღინიშნა, რომ ბელორუსსა და ჩინეთს შორის არსებობს დიდი ხნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
გიორგი აბაშიშვილი და ნიკოლაი სნოპკოვი შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლებენ და გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.
თავის მხრივ ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი აბაშიშვილი ბელორუსში მიიწვია და ინდუსტრიული პარკის (ტექნო პარკის) ადგილზე გაცნობა შესთავაზა, რომელსაც ბელორუსია ჩინეთთან ერთად ახორციელებს.
შეხვედრას ჩინეთ-ბელორუსის ერთობლივი ინდუსტრიული პარკის განვითარების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე კირილ კოროტეევიც ესწრებოდა.