გიორგი აბაშიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატის შერჩევის პროცესის შესახებ იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წარმართავს.
 
გიორგი აბაშიშვილმა აზიმ სადიკოვს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატის შერჩევის პროცესის მიმდინარეობაზე - არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან გამართულ და დაგეგმილ კონსულტაციებთან დაკავშირებით.
 
შეხვედრაზე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობის შევსება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, თებერვალში,  მოხდეს.
 
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეები კომუნიკაციას და ინფორმაციის გაცვლის პროცესს გააგრძელებენ.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ, 2016 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელიც ამ ძირითადი ფინანსური დოკუმენტითაა განსაზღვრული, ასევე, რეგიონულ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, ეროვნული ვალუტის და ინფლაციის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.