გიორგი აბაშიშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს გააცნო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პარლამენტს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო.
 
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოდ ჩამოყალიბებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
 
როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა აღნიშნა, ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით ეროვნულ ბანკს არ ექნება ფინანსური სექტორის სრული და ყოვლისმომცველი ზედამხედველობის უფლებამოსილება, რითაც რისკის ქვეშ დგება ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება.
 
„ეროვნულ ბანკს არ ექნება სამართლებრივი და პრაქტიკული მექანიზმები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ,  საფინანსო სექტორზე რაიმე ფორმით ზედამხედველობა განახორციელოს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
 
პლენარულ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ კონსტიტუციური ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირება დემოკრატიული სისტემის ფორმირების წინაპირობაა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და თავად ასოცირების დღის წესრიგი ითვალისწინებს.
 
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პლენარულ სხდომა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
 
გიორგი აბაშიშვილმა უმცირესობისა და უმრავლესობის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
 
დღესვე, დეპუტეტები პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს უყრიან კენჭს.
 
პლენარულ სხდომას გიორგი აბაშიშვილთან ერთად, ასევე ესწრება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.