გიორგი აბაშიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით  შეხვედრები ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში აზიმ სადიკოვთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურ დირექტორთან კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში  ბრუნო ბალვანერასთან  და საქართველოში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან იოსებ მელითაურთან გამართა.
 
შეხვედრისას მხარეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის სამუშაო ვერსია განიხილეს, რომელიც მოტივირებული შენიშვნების სახით პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს. აღნიშნული სამუშაო ვერსია  სავალუტო ფონდის ორი პროგრამის „Safeguard“-ისა და „FSAP“-ის  რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიქმნა.
 
გიორგი აბაშიშვილმა ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაცია  ასევე  მიაწოდა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელს საქართველოში ქეით ჯულიანის. 
 
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი აღნიშნული კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით მომავალ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების და ბიზნეს ასოციაციების  წარმომამადგენლებთან, ასევე  ექსპერთებთან ეკონომიკის საკითხებში და ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს წევრებთან-ეროვნული ბანკის საბჭოსთან კონსულტაციებს გამართავს.