გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციები შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტს მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა, დღეს, პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციები შეაჯამა:
 
„საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის თანახმად და ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით წარედგინა ევროკავშირსა და ამავდროულად, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. დღეისათვის როგორც ევროკავშირიდან, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან უკვე მიღებულია და კანონპროექტში თითქმის სრულად გათალისწინებულია ტექნიკური ხასიათის შენიშვნები“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
 
როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები მსოფლიო ბანკთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:
 
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროკავშირიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადია და შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს არსებული სისტემის დამოუკიდებლობისა და მმართველობის გაძლიერებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღბულ წერილში კი აღნიშნულია, რომ ფონდი არ არის შემოთავაზებული ცვლილებების წინააღმდეგი, რადგან აღნიშნულის შესაბამისად საფინანსო ზედამხედველობა რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, რაც თავსებადია ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის მიცემულ რჩევებთან.
 
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ თვენახევრის წინ რამდენიმე წამყვანმა საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტმა - ოთხმა ორგანიზაციამ, ძალიან ნეგატიურად შეაფასა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხი, ხოლო გუშინ, 2015 წლის 29 ივლისს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე კომენტირებისას საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ბევრი შენიშვნის გათვალისწინებისა მოუგვარებელი დარჩა ფუნდამენტური საკითხები და ამ პირობების შეუსრულებლობამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც შეუთავსებელი იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიზნებთან და გაართულებს მორიგი პროგრამის წარმატებით მიმოხილვას.
 
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპორექტი, უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიციებთან, ასოცირების დღის წესრიგის თანახმად სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი მხრივ ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ხოლო მეორე მხრივ, რჩება რა საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, ეროვნულ ბანკს ეძლევა შესაძლებლობა უფრო ეფექტიანად განახორციელოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა“, - განმარტა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა.