გიორგი აბაშიშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნები გააცნო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდა.
 
გიორგი აბაშიშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს "ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნები გააცნო და იმ პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებს.
 
„პრეზიდენტის დავალებით ვაწარმოებდი აღნიშნულ პროცესს. საერთაშორისო ორგანიზაციებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული მოტივირებული შენიშვნები გავაცანით და შესაბამისი რეკომენდაციები მივიღეთ. ასევე, დღეს გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია, რომ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა პარლამენტს ვეტოს შემთხვევაში წარედგინოს, სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო  პრაქტიკას“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
 
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან აღნიშნულ თემაზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, აუდიენციისას,  სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება კანონპროექტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე.
 
„სარჩელთან დაკავშირებით, მოსაზრებები მოვისმინე. ბუნებრივია, კითხვები რჩება კონსტიტუციასთან დაკავშირებით არსებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში. ამ ეტაპისთვის ჩვენი გვსურს, პარლამენტში წარვადგინოთ ის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც კანონპროექტის სახით მომზადდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა.