გიორგი აბაშიშვილმა სემეკის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა სემეკის წევრობის კანდიდატების შესარჩევად ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგის სპეციალისტებთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის დაწყების წინ გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ორი წევრის პოსტია ვაკანტური. გარდა ამისა, ერთ წევრს მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ეწურება ვადა.
სემეკის წევრობის კანდიდატები პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, მათ შესარჩევად კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს დაიწყო.
„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დღეს დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც შეეხება საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევას. როგორც მოგეხსენებათ პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა დაუშვა ფაქტი, რომ არა თავად წარადგინოს კანდიდატები, არამედ კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით აზრი ჰკითხოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით იყო. დღსაც იგივე პროცესია, როდესაც პრეზიდენტი აზრს ეკითხება შესაბამისი სფეროს სპეციალისტებს. ძირითად კრიტერიუმებად ამ შემთხვევაში გამოიკვეთა, ბუნებრივია, პროფესიონალიზმი შესაბამის სფეროში, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და გარკვეული ტიპის პროფესიები, რომლებიც ენერგეტიკის სივრცეს უკავშირდება. დღეს იყო პირველი შეხვედრა, თუმცა ეს პროცესი გაგრძელდება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში კანდიდატები შერჩეული იქნებიან დაახლოებით ერთ თვის შემდეგ.“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.