გიორგი მარგველაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს NATO -ში ინტეგრაციის პროცესზე და იმ კონკრეტულ ამოცანებზე ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და დემოკრატიზაციას.
საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ ადასტურებს აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, ალიანსთან ერთად საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.
„საქართველოს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება როგორც თავად ალიანსისათვის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებით დაინტერესებული ყველა სახელმწიფოსათვის. დაცული საქართველო შეძლებს უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და განვითარებაში და ეს როლი არ განისაზღვრება მხოლოდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობით“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.
„დღეს საქართველო, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მოსახლეობის 10% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია, მაინც ახერხებს იყოს ავღანეთის მისიაში არაწევრ სახელმწიფოებს შორის ნომერ პირველი კონტრუბუტორი.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვიღებთ ამ კონტრიბუციას რადგან ამით ვაძლიერებთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების კეთილდღეობას, ვიცავთ საერთო ღირებულებებს და საერთო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახს, რომლის ნაწილადაც თავს მივიჩნევთ“, - აღნიშნა შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის და იმედი გამოთქვა რომ NATO - საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გენერალურ მდივანს საქართველოში ჩამობრძანებისათვის და გამოვთქვამ რწმენას, რომ საქართველო-NATO-ს ურთიერთობის შემდგომი ნაბიჯები კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსა და მისი პარტნიორებისათვის“,- აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა.