გიორგი მარგველაშვილი : „ჩვენ ჩავერთვებით სამუშაოებში მერიასთან ერთად და დავეხმარებით დაზარალებულებს“
საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილმა "ლაგუნა ვერეს", გმირთა მოედნის, ვაკე-საბურთალოს გზის დატბორილი მონაკვეთი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
"დაძლევადია ყველაფერი, გზაც აღდგენადია. ბუნებრივია, ასეთ მომენტში ის რაც ძალიან გამძიმებს ადამიანს არის ადამიანური მსხვერპლი, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ, გვაქვს. მუშაობენ სამსახურები და ჩვენ ჩავერთვებით სამუშაოებში მერიასთან ერთად და დავეხმარებით დაზარალებულებს, თუმცა ის ადამიანური მსხვერპლი, რაც ჩვენ მოგვადგა ძალიან მძიმე გადასატანია. ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს ვინც დაკარგა ახლობელი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
13 ივნისის ღამით თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით არის მსხვერპლი, დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები. ტარდება ოპერატიული ღონისძიებები მტაცებლებისგან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად და ცხოველების დასაბრუნებლად. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები.